საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დელეგაციის ვიზიტი გიოტინგენის უნივერსიტეტში

2024 წლის 14-16 ოქტომბერს, ივანე ჯვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი მაია ბიწკინაშვილი, თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი დიმიტრი კორძაია და მედიცინის ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის მენეჯერი, ასისტენტ პროფესორი ლიკა სვანაძე სამეცნიერო ვიზიტის ფარგლებში გერმანიაში, გიოტინგენის უნივერსიტეტში, იმყოფებოდნენ.  ვიზიტის ორგანიზატორი გიოტინგენის უნივერსიტეტის სამედიცინო ინფორმატიკის პროფესორი ოტტო რინჰოფი იყო, რომელიც ამასთანავე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარეა.

 

ვიზიტის ფარგლებში თსუ-ის დელეგაცია შეხვდა გიოტინგენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს, პროფ. ვოლფგანგ ბრიუკს, რა დროსაც განხილული იყო უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების ინიცირება და ერთობლივი კვლევითი გუნდის ფომირებით სხვადასხვა ევროპულ გრანტებზე პროექტების წარდგენა. ასევე, პროფ. ბრიუკმა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი ციფრული პათოლოგიის მიმართულებით თსუ-ის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის პათანატომიის ლაბორატორიასთან.  პროფ. ბრიუკმა თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დეკანს გიოტინგენის უნივერსიტეტის მედალი გადასცა.

 

ასევე, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის დელეგაციის წევრები შეხვედნენ გიოტინგენის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სამედიცინო ინფორმატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, პროფ. დაგმარ კრეფტინგს, ვიცე დეკანს პროფ. მარტინ ოპერმანს, რა დროსაც განხილული იყო  თსუ-ს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებში ციფრული მედიცინის კურიკულუმების შექმნის მხარდაჭერა. ასევე, საერთაშორისო სამეცნიერო ვორკშოფის ფარგლებში, შეხვედრები შედგა გიოტიგენის უნივერსიტეტის ნეიროპათოლოგიის, ანატომიის ინსტიტუტის და ციფრული ქირურგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, რა დროსაც წევრებს შორის მოხდა არსებული პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება. 

 

აღნიშნული ვიზიტი წარმოადგენს გიოტინგენის საუნივერსიტეტო კლინიკასთან თანამშრომლობის შემდგომ ეტაპს, რომელიც უნდა დასრულდეს სტუდენტების გაცვლითი პროგრამების საბოლოო შეთანხმებით, ასევე ერთობლივი კვლევითი გუნდის ფომირებით სხვადასხვა ევროპულ გრანტებზე პროექტების წარდგენის მიზნით, მათ შორის ციფრული პათოლოგიის მიმართულებით. ამას გარდა, დაგეგმილია  ციფრული მედიცინის მიმართულებით საერთაშორისო სამედიცინო ინფორმატიკის ასოციაციაში (IMIA) ქართველ მკვლევართა გუნდის გაწევრიანება. გიოტინგენის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დაგეგმილია 2025 წლის მაისში.

თარიღი: 21/10/2024